პროექტი "ქართული ფოლკლორი"

სასკოლო პროექტი:
 მოგეხსენებათ მუსიკის საგანში, მე-7, მე-8 და მე-9 კლასში გადანაწილებულია გაკვეთილები საქართველოს კუთხეების შესახებ. ბავშვები ეცნობიან და სწავლობენ კუთხეების გაოგრაფიულ მდებარეობას, ეცნობიან ისტორიულ ძეგლებს, კუთხის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებს, კულტურას და მუსიკალურ შემოქმედებას. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გამთლიანება, ტრანსფერის უნარის განვითარება, გადავწყვიტე პროექტის წარმოება აღნიშნულ კლასებში. მიმაჩნია, რომ პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე ყველაზე მისაღები და სასურველი საკუთარი ქვეყნისა და კულტურის ცოდნაა. 2018-2019 სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეები სწავლობდნენ თეორიულ მასალას, ხალხურ სიმღერებს, ბევრი მოსწავლე კი ცეკვავს ეროვნულ ცეკვებს. ამიტომ, დავგეგმე პროექტი სახელწოდებით „ქართული ფოლკლორი“, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები. ჩემი მიზანი იყო ყველა თემის გაერთიანება, თითოეული წარმოდგენილი კუთხის შესაბამისად ფოლკლორული ნომერი წარმოედგინათ, სიმღერით ან ცეკვით, გამოეყენებინათ ეროვნული სამოსი, წარმოედგინათ ხალხური ინსტრუმენტები თვალსაჩინოების სახით, შეექმნათ რესურსი ე.წ. საქართველოს რუკა, რომელზეც კუთხის შესაბამის ინსტრუმენტს პროექტის მსვლელობისას დაამაგრებდნენ. შედეგად ველოდი ცოდნის გამთლიანებას და ტრანსფერის უნარის განვითარებას. ინტეგრაციას გეოგრაფიის, ისტორიის, ხელოვნების და მუსიკის საგანთა შორის. თითოეული აქტივობა შეესაბამებოდა მიზანს. სიმღერები და ცეკვები შერჩეული იყო კუთხეების მიხედვით. სასწავლო რესურსი კი მომზადდა მოსწავლეების მიერ. ასევე, ინსტრუმენტები დაიბეჭდა და გამოიჭრა მოსწავლეების მიერ, რუკაზე ჭიკარტებით დასამაგრებლად. ზუსტად იყო გადანაწილებული და გათვლილი მოსწავლეებზე თითოეული აქტივობა შესაძლებლობების მიხედვით. შეესაბამებოდა მათ ინტერესს და გამოცდილებას. პირდაპირ გამოდიოდა ესგ-დან მიზანიც და აქტივობებიც. სასწავლო პროექტი დავგეგმე 2018-2019 საწ.წლის ბოლო თვეს, რათა წლის ბოლოს საჯაროდ განგვეხორციელებინა. მოსწავლეები უშუალოდ ჩაერთნენ პროექტის დაგეგმვაში, გადაინაწილეს თემები, მოამზადეს ჯგუფებში საპრეზენტაციო მასალა, თეორიული, სასიმღერო თუ საცეკვაო ნომერი და რაც მთავარია სასწავლო რესურსი. ამ ყველაფერს მე ვუწევდი მონიტორინგს და თვალყურს ვადევნებდი მსვლელობას. უშუალოდ ჩართული ვიყავი სასიმღერო და საფანდურო რეპერტუარის რეპეტიციებში. სტრუქტურა მოიცავდა შემდეგს: ჯგუფი წარმოადგენდა თეორიული სახით ერთერთ კუთხეს, პრეზენტაციის მსვლელობის ფონზე. შემდეგ კუთხისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიამაგრებდა წინასწარ დამზადებულ რუკაზე და შემდეგ წარმოადგენდა მუსიკალურ ან ქორეოგრაფიულ ნომერს კუთხესთან შესაბამისობაში. საბოლოოდ შეიქმნა მშვენიერი პროდუქტი, მოსწავლეების ხელით. ცოდნის გამთლიანების გარდა, დამზადდა რესური საქართველოს რუკა მუსიკალური ინსტრუმენტების გავრცელების არეალით. მოსწავლეებმა გამოხატეს აღფრთოვანება პროექტის დასასრულს და აღნიშნეს კიდეც, რომ სრულიად სხვა სახით შეძლეს საკუთარი თავის რეალიზება და წარმოჩენა.
სასწავლო პროექტის რეფლექსია:
  პროექტი „ქართული ფოლკლორი“ განხორციელდა გეგმის მიხედვით. მიზნად მქონდა მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარება და ინტეგრირება საგანთა შორის , რასაც კარგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა. ყველა აქტივობა როგორც იყო დაგეგმილი, ისე წარიმართა. სასურველი იქნებოდა მეტი ნაციონალური კოსტიუმის გამოყენება, რაც ფორმების დაქირავებასთან და ფულად სახსრებთან იყო დაკავშირებული. აქ თავისუფლება მივეცი მოსწავლეებს და რომელი ფორმაც თავად გააჩნდათ, სწორედ ის გამოვიყენეთ. დადებით მხარედ ვთვლი რომ, ბავშვები რომლებიც მღეროდნენ და თან უკრავდნენ ხალხურ საკრავებზე, სკოლის ბაზაზე არიან მომზადებულები და არა კერძო სტუდიებში. საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა ორი ხმა ფანდურის თანხლებით, ფანდურიც სკოლაში შეისწავლა აღნიშნულმა მოსწავლემ. პროექტის მონაწილეებმა გამოავლინეს სხვადასხვა უნარი და სრულიად განსხვავებული სახით შეძლეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენა. გასაუმჯობესებელ მხარედ მიაჩნია ის, რომ ორგანიზაციულად ცოტა ადრე უნდა დამეგეგმა პროექტი. მოგეხსენებათ, სასწავლო წლის ბოლოს უამრავი ღონისძიება იყრის თავს, ამიტომ სასურველი იქნებოდა ცოტა ადრე ჩატარება პროექტის. პროექტის მსვლელობისას აქტივობები არ დამატებულა და არც რამე დაკლებულა, გეგმის მიხედვით წარიმართა. გადანაცვლდა მხოლოდ ორი ნომერი, რათა მოსწავლეს ფორმის გამოცვლა მოესწრო. მომავალში შევიტანდი უფრო მეტ გაფორმებას, თვალსაჩინოების სახით არა მხოლოდ ხალხურ ინსტრულემტებს გამოვფენდი, არამედ ნაციონალურ კოსტიუმებსაც. ეს უფრო გაალამაზებდა გარემოს და შექმნიდა უკეთეს ეთნო სივრცეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий